სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი “ოპტიკა” ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
ს.კ.ი. “ოპტიკა” დაარსდა 1978 წელს როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საკავშირო ელექტრონიკის სამინისტროს ორმაგი დაქვემდებარების ორგანიზაცია და წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკვლევ ცენტრს გამოყენებით ოპტიკაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ახორციელებდა მის სამეცნიერო-მეთოდურ ხელმძღვანელობას. 1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ინსტიტუტი გადავიდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში და ეწოდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი “ოპტიკა”.

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
გამოყენებითი (გეომეტრიული) ოპტიკა.
სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაო სხვადასხვა სახის (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) ოპტიკური ხელსაწყოების პროექტირებისათვის.
არსებული ხელსაწყოების მოდერნიზაცია, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, ორიგინალური მოდელების და კონსტრუქციების შექმნა, სამხედრო და სამოქალაქო სფეროსთვის.
ჰოლოგრაფიული ოპტიკა.
ჰოლოგრაფიულ მეთოდზე დამყარებული სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებისა და ნამზადების პროექტირება.
თერმოოპტიკა, ალტერნატიული ენერგიის მიღება.
კონსტრუქციული დიზაინი, მზის ენერგიის გამოყენებისთვის, როგორც სითბური ენერგიის ასევე ელექტრული ენერგიის მისაღებად. პარაბოლური სარკე-კონცენტრატორების დამუშავდა. ცხელი წყალის მომარაგების დამხმარე სოლარული სისტემები, ჰიბრიდული (მზის/ელექტროენერგია) ხილის შრობის დანადგარები.
ოპტოელექტრონიკა.
ღამისხედვის სისტემების კვლევა-პროექტირება: სამიზნეები, სათვალთვალო ხელსაწყოები, დამიზნების სისტემები.
მაგნეტრონული სისტემები, ოპტიკური დაფარვები.
ინოვაციური მაგნეტრონული გაფრქვევის მოწყობილობების კონსტრუირება, დამზადება, მონტაჟი და კვლევა. გასხივოსნების/გაკამკამება მრავალშრიანი დანაფარების გათვლა და დაფენა ოპტიკურ დეტალებზე. დამცავი დანაფარების დაფენა.

1992 წლამდე ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებები გასაიდუმლოებული იყო.
ინსტიტუტს გააჩნია დაახლოებით 1800 მ2 ფართობის შენობა, 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჩარხი, სხვადასხვა სახის ოპტიკური ხელსაწყოები და მასალები. ინსტიტუტს არ აქვს და არც ჰქონია გაქირავებული ფართობი.
ინსტიტუტში არსებობს ბიბლიოთეკა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურის 5000 ერთეულით.

ინსტიტუტის საექსპერტო შესაძლებლობები :
• ოპტიკური სისტემების დიაგნოსტიკა
• ლაზერული სისტემების დიაგნოსტიკა, გამართვა.
• ფოტომეტრიული გაზომვები.
• სპექტრალური გაზომვების ჩატარება.
• გეომეტრიული გაზომვები.
• ოპტო-ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა, რემონტი.
• საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურება.

საერთაშორისო თანამშრომლობა:
ინსტიტუტი თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრსა და დაწესებულებასთან:
გერმანიაში – ფრაუნჰოფერის სახელობის მზის ენერგიის ინსტიტუტი, ერნსტ მახის სახელობის გაზოდინამიკის ინსტიტუტი, კარლ ცეისის ოპტიკური გაერთიანება და სხვა.;
ა.შ.შ.-ში – მინესოტას, როჩესტერის, ლიჰეის უნივერსიტეტები, განახლებადი ენერგიის ნაციონალური ლაბორატორია და სხვა.
კანადაში – ენერგიის კვლევის ცენტრი, შრობის კვლევის ცენტრი და სხვა.;
საფრანგეთში – გრენობლის ბირთვული ენერგიის ცენტრი
იაპონიაში – კუუშუს, კიოტოს, ცუკუბას უნივერსიტეტები
ინსტიტუტი “ოპტიკა” აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (STCU), საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC), სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდის (GRDF), ევროგაერთიანების (INTAS) სამეცნიერო–ტექნოლოგიურ პროექტებში.